თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციამ წარადგინა მერობის კიდევ ერთი კანდიდატი - თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ფოთის მერობისთვის იბრძოლებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს. კანდიდატების ოფიციალური წარდგენა 8 სექტემბერს დასრულდება.
როგორც დღეს წარდგენის დროს გახდა ცნობილი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მე-5 ნომრად, რომელიც მის ყოფილ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.
„ძალიან ბევრი მეკითხება, რატომ ფოთი? რატომ მე? რატომ „5“ ნომერი? მე მაქვს ერთი მარტივი პასუხი, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი, იქნება რეფერენდუმი, სადაც თითოეული ჩვენგანი გადავწყვეტთ და საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ, გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ იქამდე მოგვიწევს ერთობლივი ბრძოლა და ერთობლივი შრომა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამასთან მერობის კანდიდატმა თავისი გამოსვლა დაიწყო არა წინასაარჩევნო დაპირებებით, არამედ მოწოდებით - ყველა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„მეგობრებო, საკუთარი თავისთვის, ღვთის გულისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის - ყველანი უნდა ავიცრათ! ჩვენ ვერ გვექნება იმედი ხელისუფლების, რომელიც არა კოვიდთან ბრძოლით, არამედ კოვიდპიარით არის დაკავებული... ნუ გვექნება ამ ადამიანების იმედი, აცრას ალტერნატივა არ აქვს, ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს, ამას აქვს ადამიანობასთან კავშირი", - განაცხადა უგულავამ.
გამარჯვებისთვის უგულავას ფოთელი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი სჭირდება.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ კი უკვე განაცხადეს, რომ უგულავასი არ ეშინიათ და მათი კანდიდატი ბექა ვაჭარაძე პირველივე ტურში მოიგებს.