თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. კომპანიებისთვის „რქაწითელის“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვაზე სუბსიდირების პირობები გაუმჯობესდა.
„სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კომპანიები სახელმწიფოსგან ყოველ კილოგრამზე დამატებით 0,35 ლარს მიიღებენ.
შარშან სუბსიდიებს იღებდნენ ღვინის კომპანიები, რომლებიც არანაკლებ 1000 ტონა აღნიშნული ჯიშის ყურძენს ყიდულობდნენ და გადაამუშავებდნენ. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დაწესებული ფიქსირებული გადასახდელი ფასი შეადგენდა არანაკლებ 80 თეთრი ერთ კილოგრამ ყურძენზე. სახელმწიფო სუბსიდია თითო კილოგრამზე 30 თეთრის შეადგენდა.
მთავრობა წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდება, დაახლოებით 300 ათას ტონას.
პრემიერის პროგნოზით, ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა ჭარბი მოსავლის გამო დაიკლებს. მათ შეიძლება გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია. სწორედ ამის გამო და ასევე პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან დაკავშირებით მთავრობამ წელსაც მიიღო ყურძნის შესყიდვის სუბსიდირების გადაწყვეტილება.
2021 წელს სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
2020 წელს ქვეყანაში დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.