კულუმბეგოვი: გარდაცვლილი ადამიანების 100% არის აუცრელი

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ყველა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ვირუსს 74 ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 100% აუცრელია, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.
კულუმბეგოვის განცხადებით, ეპიდსიტუაცია საქართველოში საგანგაშოა, ამიტომ ის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 15-20-ჯერ შემცირდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი, რომ გარდაცვლილი ადმიანების 100% იყო აუცრელი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში ვაქცინაცია მიმდინარეობს
კილუმბეგოვის პროგნოზით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ დასტაბილურდება.
„ერთხელ კიდევ ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ყველასთვის, რომ რაც შეიძლება, ყველამ ვისაც შეუძლია, ვისაც საზოგადოების რაღაცა ნაწილზე გავლენა აქვს, ყველას მოუწოდეთ, რომ ვაქცინაციას აქვს ძალიან მინიმალური გვერდითი ეფექტები“, - ამბობს კულუმბეგოვი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს. 
შსს-ს თანამშრომელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 510.941-ს მიაღწია. დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938.705 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661.788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23,2%, სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9,7%. 20 აგვისტოს აიცრა 28.555 ადამიანი, რაც ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.