ახალციხეში ქელეხში კორონავირუსით ათობით ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ორსულები

ოფიციალურად საქართველოში გასული წლიდან აკრძალულია მასობრივი შეკრებები, სადაც ათ კაცზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, მაგრამ აკრძალვას არ იცავენ.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ახალციხეში, ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის მონაცემებით, 84 წლის ქალის ქელეხში 19 ოჯახი შეიკრიბა. სულ დაინფიცირდა 41 ადამიანი, აქედან ხუთი აღმოჩნდა კლინიკაში, მათ შორის ორი ორსული და ჩვილი. დანარჩენები მკურნალობას სახლში გადიან.
ოფიციალურად საქართველოში გასული წლიდან აკრძალულია მასობრივი შეკრებები, სადაც ათ კაცზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, მაგრამ აკრძალვას არ იცავენ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტია მოთავსებული
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.901-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 510.941-ს მიაღწია. დღეს პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსმა 74 ადამიანი იმსხვერპლა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 938.705 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661.788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23,2%, სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9,7%. 20 აგვისტოს აიცრა 28.555 ადამიანი.
ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის დასაძლევად მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.