თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
თავად ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
კანდიდატების სრულ სიას ცესკო 8 სექტემბერს წარმოადგენს, როდესაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. მანამდე მერობის კანდიდატების დასახელება შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე საინიციატივო ჯგუფებს. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს.
ანა დოლიძის თქმით, მისი პარტია არის ახალი ძალა, რომელიც იბრძოლებს ორპოლუსიანობის მიღმა, ქვეყანაში გამეფებული სიძულვილის დასამარცხებლად. მისივე განცხადებით, პარტიის დევიზია – „თბილისი ყველასთვის“.
პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ სახელით ვაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს და პარტიული სიის პირველ ნომერი ალექსანდრე რატიშვილი იქნება; 2. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა მიქაძე-ჩხიკვაიძე; 3. ჩუღურეთში – სერგო ლომიძე; 4. დიდუბე – ნინო წულაძე; 5. საბურთალოზე – თამარ ჭიჭინაძე; 6. მთაწმინდაზე – ნინო ქოქოსაძე; 7. ისანში – კობა კობახიძე; 8. კრწანისში – მაია კეკუა; 9. ნაძალადევში – მიხალის ირემაძე; 10. გლდანში – ირაკლი თედორაძე.
რუსთავში დოლიძის გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატია სალომე წერეთელი.
პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივ არჩევნებში 48 ნომრად მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლოდროინდელი კვლევის შედეგებით, ამ დროისთვის ამომრჩევლებში პარტია 1%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში 50 პარტია იღებს მონაწილეობას.