შსს-ს თანამშრომელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით სრულად ვაქცინირებულია 276.917 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 9.7%.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 60%-ზე მეტი უკვე აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.
რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, Pfizer-ის, Sinovac-ის ან Sinopharm-ის ვაქცინით აიცრან.