თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ ტერიტორიაზე პოლიციამ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო, დაკავებულია ერთი ადამიანი, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ო.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, ავტომობილის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.