ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიცაა შესაძლებელი

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ, ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში უნდა მივიდნენ, ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ
გარდა ამისა, მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.
აღნიშნული სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურება.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 907.665 აცრა, მათგან სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 266.962 პირი.