უსაფრთხოა თუ არა ორსულების Pfizer-ით ვაქცინაცია

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. დღეს, რაც ნამდვილად ზუსტად შემიძლია ვთქვა, ორსულებში Pfizer-ით ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ მოუწოდა ორსულებს, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
პაატა იმნაძის ორსული ქალიშვილი „ფაიზერით“ აიცრა – ფოტოები
მისი ინფორმციით, ბოლო დროს ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მან შეხვედრა გამართა მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენლებთან. გადაწყდა, რომ ინტენსიურად მოხდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება.
„ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია მას შევთავაზოთ კოვიდ-ტესტირება, ასევე ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინ-კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
18 აგვისტოს ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად შვიდი თვის ორსული გარდაიცვალა. ტრაგიკულად დასრულდა კოვიდ-ინფექციის შემთხვევა 10 აგვისტოს ქუთაისის კლინიკა „ბომონდშიც" – კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა. ასევე ქუთაისში კორონავირუსის გართულების ფონზე ნაყოფი დაეღუპა 31 წლის ორსულს.
კორონავირუსმა შვიდი თვის ორსული იმსხვერპლა
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 907.665 აცრა, მათგან სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 266.962 პირი.