პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირებულთათვის შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მოეწყო

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით 18 აგვისტოს მათთვის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N10 პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე შესაბამისი სამედიცინო სივრცე მოაწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ბრალდებულების/მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტური მართვაა.
ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთვნენ
პენიტენციური დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.
კოვიდ-ინფიცირებულთათვის საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში მუშაობისა და ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის მიზნით მომზადების კურსი დაწესებულების სამედიცინო და არასამედიცინო სამსახურის 21-მა თანამშრომელმა გაიარა.
„ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე ინფექციის მართვა/მკურნალობა, შესაბამისი კვლევების საჭიროების გამოვლენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა, შესაძლო გართულებების ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, რეფერალის საჭიროების დროული გამოვლენა და მისი ორგანიზება, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და სხვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ციხეებში მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია
უწყების ინფორმაციით, სამსახური აქტიურად მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-პანდემიის გავრცელების პრევენციისა და გამოვლენილი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიმართულებით.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია.