თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა, სწავლა კლასებში განახლდეს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს „უსაფრთხო სკოლის” სტატუსი მიენიჭება.
„უნდა წავახალისოთ ასეთი სკოლები, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. ხოლო თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება. უწყების განცხადებით, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი.
განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.