შემსუბუქდა თუ არა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში: სპეციალისტების მოსაზრება

19 აგვისტოს მდგომარეობით, ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.22%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.86%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 10.98%.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ოდნავ სტაბილიზაციის დინამიკა შეიმჩნევა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.
რომელ სკოლებში განახლდება სწავლა სექტემბრიდან: ამირან გამყრელიძის განმარტება
გამყრელიძის ინფორმაციით, ეს შეიძლება გარკვეულწილად გამოწვეული იყოს იმ შეზღუდვებით, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა.
„ასევე ეს გამოწვეულია ქვეყანაში აცრის პროცესის უფრო მეტი ინტენსიფიკაციით. მაგრამ, სამწუხაროდ, არ მცირდება და ჯერჯერობით არც შემცირდება ყველაზე უფრო მძიმე – გარდაცვალების ინდიკატორი. დღეს გვქონდა 59 – პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ეპიდსიტუაციის მცირედ შემსუბუქებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. მისი ინფორმაციით, ნაადრევია რამე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი იკვეთება.
„ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო გუშინ და თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია ის, რომ ჩვენ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის სურათი, გარკვეულწილად, ამ ციფრების საფუძველზე იკვეთება“, – განაცხადა გაბუნიამ.
მან მოსახლეობას არსებული რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
უსაფრთხოა თუ არა ორსულების Pfizer-ით ვაქცინაცია
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია. 
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად ზრდასრული მოსახლეობის სულ მცირე 70% უნდა აიცრას. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 907.665 აცრა, მათგან სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 266.962 პირი.