თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გუშინ თელავის რაიონულმა სასამართლომ სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
ზვიადაურის უფლებადამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რათა მისთვის ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მიეცათ. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ზურაბ ზვიადაურს მოკლული ძმის დაკრძალვაზე დღეს ბადრაგის თანხლებით მიიყვანენ. დაკრძალვა 13:00 საათზე შედგება.
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვასილ ცოცხალაშვილმა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
შედეგად, კენჭოშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებებით ორი პირი – ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნიკოლოზ კენჭოშვილი.
სამართალდამცველებმა საქმეში ბრალდებულები ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითიც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისთვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ჯანგირაშვილს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.