თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ 2021 წლის მეორე კვარტალში 22,1%-ს მიაღწია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე.
საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში გააფართოვა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებმაც 2020 წელს პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შეუძლიათ უმუშევართა დახმარების იმედი იქონიონ, ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ მოიმატებს.
უმუშევრობა ციფრებში
საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წლის მეორე კვარტალში 3,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 22,1% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში ქალაქის ტიპის დასახლებების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია – 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 2,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 6,2%-ით და შეადგინა, შესაბამისად, 24,1% და 19,0%.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში – 2021 წლის მეორე კვარტალში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის, 5,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 24,5% შეადგინა, ქალებს შორის კი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18,9% შეადგინა.
მოსახლეობის აქტიურობა
„საქსტატის“ მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობის მაჩვენებელმა 2021 წლის მეორე კვარტალში 54,1% შეადგინა – 1,1%-ით მეტი, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.
„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში ერთი პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,3 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში“, – აღნიშნულია „საქსტატის" მასალებში.
2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,5 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
აქტიურობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა ქალებს შორის შეადგინა 40,7%, მამაკაცებს შორის – 63,7%. ქალების აქტიურობის დონე 0,3 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებისა კი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
უმუშევრებს საქართველოში ახლებურად ითვლიან
ოფიციალურად 2020 წლის ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სტანდარტების თანახმად, მეთოდოლოგია ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა კვალიფიკაციის შეცვლას. მანამდე „საქსტატი“ უმუშევრებს 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით ითვლიდა.
ახალი სტანდარტებით, საკუთარ მეურნეობაში დასაქმებულები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს პირადი მოხმარებისთვის აწარმოებენ, აღარ ჩაითვლებიან თვითდასაქმებულებად, არამედ იქნებიან მიჩნეული უმუშევრებად ან არასამუშაო ძალად.
„საქსტატში“ თავიდანვე განაცხადეს, რომ ახალი სტანდარტის შემოღება გამოიწვევდა დასაქმების დონის შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას.
სტატისტიკის სამსახურმა უმუშევრობის მაჩვენებლები ახალი სტანდარტით 2010 წლიდან განაახლა. ახალი მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონემ 2010 წელს 27,2% შეადგინა, მაშინ, როცა ადრე ეს მაჩვენებელი 17,4% იყო – 9,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები.