პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად პოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანია „მალინოვას“ ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, პოლონეთის აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე.
დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მას გამომცემლობა Vinisfera-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.
პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 3,3 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 28%-ია.