თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით, მხოლოდ სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.
ინფექციონისტის განმარტებით, ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვირუსისგან დაცული არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, თუმცა ეს ასე არ არის. მისი თქმით, რეინფიცირებისგან დაზღვეული არავინ არის.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4-5 ათასს აჭარბებს. შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა თბილისში, აჭარასა და იმერეთში ფიქსირდება.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7 ათასზე მეტი პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში – 3 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 47 ათასზე მეტი პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.