სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ

ქვეყანაში საუბარია იმაზე, რომ ორი დოზით ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა, გარკვეული სახის შეღავათები დაწესდეს.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მოქალაქეები, რომლებიც სრულად, ორი დოზით ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მინისტრი იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათების გაცემას დაესწრო და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სწორედ იქ აცნობა მოქალაქეებს.
საქართველოში კოვიდ-ბარათების გაცემა იწყება: რა საბუთებია საჭირო ამისთვის
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ-ბარათების გაცემა დაიწყო. კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.