ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთვნენ

პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა იმუნიზაციის პროცესი მიმდინარე წლის 18 მაისიდან დაიწყო. მსჯავრდებულების ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ჩაერთვნენ, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ვაქცინაცია ჩაუტარდა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს, ამ დროისთვის კი სულ ოთხი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია ვაქცინირებული.
ციხეებში მსჯავრდებულთა ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია
„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისიდან დაიწყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
17 აგვისტოს მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 9.300-მდე პატიმარი იმყოფება. ამ დროისათვის სულ ვაქცინირებულია 6.002 მსჯავრდებული/ბრალდებული, ანუ 64 პროცენტი, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულია 4.523, რაც 48 პროცენტს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.