საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებას არ აპირებს და ეს საკითხი არ განიხილება.
Sputnik
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ავღანეთიდან სამშობლოში საქართველოს ექვსი მოქალაქე დაბრუნდა – ისინი თბილისში უნგრეთიდან სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის შესაბამის უწყებებთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად ავღანეთში ამერიკულ კომპანიაში კერძო კონტრაქტით მომუშავე საქართველოს ექვსი მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.
ავღანეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები კავშირზე გამოვიდნენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ძირითადი პრობლემაა საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება თვითონ ქაბულში და მათი აეროპორტამდე მისვლა.
„რჩება 16 ჩვენი მოქალაქე, აქტიურად ვმუშაობთ ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მათ მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკელი და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ... ჩვენ პარტნიორებთან ვმუშაობთ... პარტნიორ ქვეყნებთან არის დაგეგმილი ათეულობით რეისი იქიდან, რომლებსაც შეიძლება გამოვაყოლოთ ადამიანები“, – განუცხადა ხვთისიაშვილმა ჟურნალისტებს.
ამას გარდა, მისი თქმით, მიდის მუშაობა ავღანეთში უშუალოდ საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, როგორც კი ქვეყანა ამის ნებართვას მიიღებს.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოფრენილ თვითმფრინავში ევროპული ქვეყნების მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც უკვე გაემგზავრნენ სხვა თვითმფრინავებით საკუთარ სამშობლოში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე მუშაობს
ამასთან ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს ლტოლვილების მიღებას ავღანეთიდან და ეს საკითხი არ განიხილება.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.