თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ აქტივისტ აკაკი ბართაიას პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატები და თანამებრძოლები საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.
ბართაიას დაკავებაზე პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი მტკიცებით, აქტივისტს ჩაუდეს იარაღი და ეს პარტიის მხარდამჭერების დაშინების მცდელობაა.
ბუჩუკურის ვერსიას ბართაიას ადვოკატი ზაზა დათუკიშვილიც უჭერს მხარს.
„ბრალდებული იმ დღეს ხუთი დღით მიემგზავრებოდა მივლინებაში სურამში, ჩანთა მეუღლემ ჩაულაგა და დეტალურად აღწერს ყველაფერს, რა ჩაუდო ჩანთაში. ჩადება (იარაღის - რედ.) უკვე განხორციელდა, როდესაც ავტომაგისტრალზე გადასვეს“, - ამბობს დათუკიშვილი.
ამასთან აღნიშნავს, რომ დაკავებული არ იყო თანახმა დნმ-ის ტესტზე და პოლიციელებმა ტესტი ძალით გაუკეთეს, რა დროსაც კბილი ჩამოატეხეს.
საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ ბართაიას დაკავება არ უკავშირდება მის პოლიტიკურ აქტივობას, არამედ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეა.
„საქმეში არაერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება არის წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა მართლაც განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. ეს არის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება და ასევე პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. დაცვის მხარის მითითება რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
ბართაიას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. განაჩენს იგი ციხეში დაელოდება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.