თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა მეტად მაღალია, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის განცხადებით, ვინაიდან ეპიდსიტუაცია მწვავეა, თვის განმავლობაში ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას, რომ ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდეს.
„თუ გავითვალისწინებთ როგორ მოიმატა ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ, ალბათ საქართველოსთვის უკვე ოპტიმალური ვარიანტი იქნება, როგორმე მივაღწიოთ ერთი მილიონი ადამიანის ვაქცინაციას ერთი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს 30-35 ათასი ადამიანის მისვლას ყოველდღიურად ვაქცინაციის ცენტრებში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამავე მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე. როგორც მან აღნიშნა, ეპიდვითარების გამოსასწორებლად დღეში სულ მცირე 30 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.
„როგორც იქნა, დაიწყო ვაქცინაციაზე წარმატებული ნაბიჯები. 30 ათასამდე (დღეში) თუ არ ავალთ, ისევ ცუდად წავა საქმე. ამიტომ მინიმალურად დღეში უნდა იყოს 30-35 ათასი ადამიანი აცრილი. სხვა ვარიანტი არ გვაქვს“, – განაცხადა ტაბიძემ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2020 წლის შემოდგომაზე მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857.056 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 251.447 ადამიანი.