თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუმაბი“ შემოვიდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„ტოცილიზუმაბი“ რევმატოიდული ართრიტის პრეპარატია, რომელიც ეფექტური გამოდგა კორონავირუსული ინფექციის იმგვარი მძიმე ფორმის სამკურნალოდ, რომელიც პოტენციურად სიკვდილს იწვევს.
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში „ტოცილიზუმაბი“ შემოტანილია, თუმცა მარაგი მალე ამოიწურება.
„ახლა შემოვიდა, მაგრამ ეს გაიხარჯება ისევ ჩქარა და მერე რამდენად მოხდება ამის შევსება, ეს დამოკიდებულია საქართველოში „როშის“ წარმომადგენლობის და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურ ქმედებებზე, რომ როგორმე მსოფლიო დეფიციტის პირობებში მოახერხონ საქართველოში შემოტანა ისევ. მე რამდენადაც ვიცი, 500 ფლაკონი შემოვიდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაიწყო „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის.
„ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება, მთელ მსოფლიოში დეფიციტია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, თავიდან საქართველოში სულ 7-8 კლინიკა იყენებდა „ტოცილიზუმაბს“ წარმატებით, მათ ბევრი ავადმყოფი გადაარჩინეს.
„24 პროცენტით გაიზარდა გადარჩენა და ერთბაშად ნახტომისებურად, როგორც საქართველოს გვჩვევია, უცებ ყველამ გადაწყვიტა, რომ დაეწყო ამის ხმარება... შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ უცებ ყველა კლინიკა ჯადოსნური ჯოხის აქნევის სცენარით დაიწყებდა მის მოხმარებას, ამიტომ შეიქმნა დეფიციტი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
აშშ-ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველომ (FDA) ამ პრეპარატის საგანგებოდ გამოყენების ნებართვა გასცა COVID-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ ადამიანებზე. როგორც კვლევებმა აჩვენა, „ტოცილიზუმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის მძიმე შემთხვევების დროს.
მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ ფასი 5 ათასი ლარია.