თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ.
სარაევოს კინოფესტივალი პირველად 1995 წელს გაიმართა. კინოფესტივალი სამოქალაქო საზოგადოების აღდგენაში დახმარებისა და ქალაქის კოსმოპოლიტური სულის შენარჩუნების მიზნით დაარსდა.
ამჟამად სარაევოს კინოფესტივალი რეგიონში წამყვანი ფესტივალია, რომელსაც აღიარებენ როგორც კინოს სპეციალისტები, ისე ფართო აუდიტორია. კინოფესტივალის მთავარი პრემია — „სარაევოს გული" გაიცემა საუკეთესო ფილმისთვის.
წელს ფესტივალი, რომლის აუდიტორია 100 ათას მაყურებელს შეადგენს, 13-20 აგვისტოს ტარდება.
ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ იქნება წარდგენილი განყოფილებაში In Focus. ამ სექციაში იქნება ნაჩვენები ფილმები, რომლებმაც საერთაშორისო არენაზე უკვე დიდი წარმატება მოიპოვეს.
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები - ლიზა და გიორგი - ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. მეორე დღეს კი ისინი სხვა ადამიანების სხეულებში იღვიძებენ და ერთმანეთს ვეღარ პოულობენ.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.
ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა. „სასიამოვნოდ სევდიანი" – ასე შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე. ფილმს მაღალი შეფასება მიანიჭეს ასევე რუსეთშიც. ქართულ ფილმზე აქტიურად წერდნენ ისეთი უცხოური გამოცემები, როგორიცაა Variety, Screen Daily, Screen Daily, Awards Daily და სხვ.