მკვლელობა კახეთში გახსნილია: დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაური

მხარეებს შორის სისხლიანი გარჩევა წინანდლის ტყის მიმდებარედ, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მოხდა, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური მის ძმასთან ზვიად ზვიადაურთან და ორ თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ფაქტი „ცხელ კვალზე“ გახსნეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი ზურაბ ზვიადაურია.
სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 44 წლის მამაკაცი დააკავეს.
ცნობილი გახდა კახეთში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები
როგორც შსს იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორი პირი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა ნ.კ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ მარკის პისტოლეტი და „საიგას“ მარკის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.