თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერის დოზასთან დაკავშირებით საქართველო გაჰყვება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რაც გარკვეულ პერიოდში ყველასთვის ცნობილი გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად იცავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ წესებს და მომავალშიც ასე იქნება.
„ჩვენ ვაქცინების მობილიზებაზე ვმუშაობთ, ასე რომ, თუ იქნება რეკომენდაცია დამატებითი ბუსტერ–დოზების შესახებ, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი ვაქცინაციის გეგმაშიც“, – განმარტა გაბუნიამ.
მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციაა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა, ისევ და ისევ, ორი დოზით მოსახლეობის მოცვაა, რადგან ეს არის ის გზა, რაც დღეს ჩვენ ამ კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 17 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6.208-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 490.462-ს მიაღწია.