თბილისი 17 აგვისტო — Sputnik. რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის ყველა პოლიტიკურ ძალას შორის დიალოგის დაწყებას, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყოვლისმომცველი დიალოგის დაწყებას ავღანეთის ყველა პოლიტიკურ ეთნოკონფესიურ ძალებს შორის. ასეთი პროცესის სასარგებლოდ უკვე გააკეთეს განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ და ეროვნული შერიგების საკითხთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აბდულა აბდულამ. ისინი ქაბულში იმყოფებიან და მათ წამოაყენეს ეს წინადადება“, — უთხრა ჟურნალისტებს ლავროვმა.
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია, ხოლო კვირას, 15 აგვისტოს ქაბულში შევიდა და ქალაქი დაიკავა.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“.
„თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.