თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.
„კოვიდ-ბარათზე პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი აგრეთვე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 831.815 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 245.207 ადამიანი.