თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ აიცრებიან, კორონავირუსზე ტესტირება უფასო აღარ იქნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ხალხის იმ ჯგუფებზე, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიურად გადიან ტესტირებას, მათ შორის – მაღაზიების, მოლების თანამშრომლები, ასევე მასწავლებლები და სამართალდამცველები.
„დიდია ეს ჩამონათვალი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ აიცრან ორჯერ, ასეთ დროს სახელმწიფო გააგრძელებს მათ ტესტირებას. სხვა შემთხვევაში კი მათ მოუწევთ თავად ან დამსაქმებლებმა გადაიხადოს ტესტირების თანხა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული წესი სამედიცინო პერსონალზე არ გავრცელდება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კორონავირუსზე სავალდებულო, ინტენსიურ ტესტირებას სხვადასხვა ჯგუფები ექვემდებარებიან და მათი ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ბრალდებულები/მსჯავრდებულები, სავაჭრო ცენტრებში (ე.წ. მოლები) მომუშავე პირები, ბაზრებში და ბაზრობებზე მომუშავე პირები, მასწავლებლები და ა.შ.