თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების 29.086 წევრი დაამტკიცა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ჯერჯერობით საარჩევნო კომისიებში 226 ადგილი ვაკანტური რჩება.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3.664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29.312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 31.483 კონკურსანტის განაცხადი.
აქედან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები. ეს კი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა კომისიის წევრების არჩევის პროცესში მონაწილეობა კონკურსანტებთან ახლო ნათესაური კავშირის დადასტურების გამო არ მიიღო.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29.086 წევრიდან 25.730 (88.46%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.