ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა სალეჰმა თავი სახელმწიფოს დროებით მეთაურად გამოაცხადა

სალეჰის თქმით, აშშ-ის და ნატოსგან განსხვავებით, მათ არ დაუკარგავთ სულის სიმტკიცე. მან მოქალაქეებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.
Sputnik
თბილისი 17 აგვისტო — Sputnik. ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამრულა სალეჰმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სახელმწიფოს დროებითი მეთაური იქნება. წერს სააგენტო РИА Новости. 
„ავღანეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის, გაქცევის, გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი დროებითი პრეზიდენტი ხდება. ახლა ვიმყოფები ჩემს ქვეყანაში და კანონიერად ვარ დროებითი პრეზიდენტი. ვუკავშირდები ყველა ლიდერს, რათა მათი მხარდაჭერა და თანხმობა მოვიპოვო“, – დაწერა სალეჰმა Twitter-ში.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.
„აშშ-ის და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ არ დაგვიკარგავს სულის სიმტკიცე და წინ უზარმაზარი შესაძლებლობები არსებობს. უშედეგო გაფრთხილებების დრო დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას“, – აღნიშნა მან.
ლავროვი: რუსეთი მხარს უჭერს ავღანეთის ყველა პოლიტიკური ძალის დიალოგს
ავღანეთში ვითარება რამდენიმე კვირის წინ მკვეთრად გამწვავდა ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ფონზე. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია. კვირას, 15 აგვისტოს „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა და ქვეყანაში ძალაუფლება ხელში აიღო.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ოცი წლის შემდეგ „ომი ავღანეთში დასრულებულია“, და უახლოეს მომავალში მმართველობის ახალი ფორმა გახდება ცნობილი.