თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ – არჩევნების წინ თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი კანდიდატების ადგილები გადაინაწილა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ტარდება. თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია. აქედან 10 მაჟორიტარული წესით აირჩევა, ხოლო 40 – პარტიული სიით.
„გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ გადაწყვეტილებას – კოალიციურ მმართველობას. ჩვენი მაჟორიტარები არიან პირველი ყველაზე მკაფიო ნიშანი ამ კოალიციური მმართველობის“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ოპოზიციის ნაწილიდან, პარტიის „დროა“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კანდიდატებს მხარს დაუჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავის მაჟორიტარ კანდიდატებს თბილისში არ წარმოადგენს.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“, ხოლო ოპოზიციამ ამ დღეებში დაიწყო საკუთარი კანდიდატების წარდგენა.
მაჟორიტარ კანდიდატს გამარჯვებისთვის ამომრჩევლის ხმების მინიმუმ 40% სჭირდება.