ზასი: ავღანეთიდან ტაჯიკეთისთვის საფრთხის შემთხვევაში კოლექტიური ზომები იქნება მიღებული

ავღანეთში ვითარების რადიკალურად შეცვლასთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. „თალიბანის“ სწრაფი წინსვლა და მის კონტროლქვეშ ავღანეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიის გადასვლა, სახელმწიფო საზღრებისა და დედაქალაქ ქაბულის ჩათვლით, ასევე ქვეყანაში ხელისუფლების ფაქტობრივი ცვლა არსებით გავლენას ახდენს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და ღრმა შეშფოთებას იწვევს, ნათქვამია ორგანიზაციის გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის განცხადებაში.
სად იმყოფება აშრაფ ღანი: ტაჯიკეთი და ყაზახეთი განმარტავენ
მისი თქმით, ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც CSTO-ს ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ყურადღებით აკვირდება ვითარებას ტაჯიკეთი–ავღანეთის საზღვარზე.
„ორგანიზაციის საქმიანობაში პრიორიტეტი კვლავინდებურად პოლიტიკურ-დიპლომატიურ მეთოდებს ენიჭება. ვითარების გამწვავებისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოკავშირისთვის დახმარების აღმოსაჩენად მიღებული იქნება ყველა აუცილებელი კოლექტიური ზომა, რომლებიც საწესდებო დოკუმენტაციითაა გათვალისწინებული“, — ნათქვამია ზასის განცხადებაში.
როგორც CSTO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, დღეს ის ტელეფონით ესაუბრა ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრს შერალი მირზოსა და ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანს ნასრულო მაჰმუდზოდს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ ტაჯიკეთის ძალოვანი სტრუქტურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას საზღვარზე და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმების ამოქმედება ჯერჯერობით საჭირო არ არის.
ამასთან ზასი ხაზს უსვამს, რომ დაწყებულია CSTO-ს კოლექტიური ძალების წვრთნებისთვის სამზადისი, რომელიც უახლოეს თვეებში ჩატარდება ტაჯიკეთი–ავღანეთის საზღვართან ახლოს.
განცხადების ბოლოს აღინიშნება, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ორგანიზაციის სესია გაიმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.