საქართველოში სატვირთო გადაზიდვები 13%-ით გაიზარდა

ტვირთების გადაზიდვის ზრდის ფონზე 100.2 მილიონამდე შემცირდა გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა – 2020 წელს ეს მაჩვენებელი 112.2 მლნ იყო.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. 2021 წლის იანვარი–ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, სარკინიგზო, სამოქალაქო ავიაცია) მიერ განხორციელებული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 11 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (9,8 მლნ ტონა) 12,7%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მასალებში.
ამას გარდა, ამავე პერიოდში გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. ამ მაჩვენებელმა 8,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 23,4%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდში გადაზიდული ტვირთის მოცულობაზე (7,1 ათასი ტონა).
საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვები რეკორდულად გაზარდა
ქვეყნის პორტებში ტვირთების გადამუშავების მოცულობა, 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 59,8%-ით შემცირდა და 13,9 მლნ ტონა შეადგინა.
პორტებში დაცლილი კონტეინერების რაოდენობა 23,8%-ით შემცირდა და 203,808 ათასი TEU შეადგინა. ამასთან, ფოთში ჩამოიტვირთა 153,9 ათასი TEU (შემცირდა 25,6%-ით), ხოლო ბათუმში – 49,8 ათასი TEU (შემცირდა 17,9%-ით).
ავტოტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვა 13,2 მლნ-დან 13,4 მლნ ტონამდე გაიზარდა, სარკინიგზო გადაზიდვების – 5,5 მლნ-დან 6 მლნ ტონამდე, ხოლო ავიაგადაზიდვების – 7,1 ათასიდან 8,8 ათას ტონამდე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საუბარი ტვირთებზე, რომლებიც გადის საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით.
„განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და, პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან აქტიურად ამოქმედდა. ასევე ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება გადაზიდვები ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალით“, – განაცხადა თურნავამ.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან ბაქოში ტვირთებს თბილისის გავლით გადაზიდავს
მინისტრმა გამოყო ჩინეთისკენ მიმავალი ან ჩინეთიდან მომავალი ტვირთები ე.წ. შუა დერეფნის გავლით, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი საქართველოა.
„უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი ნამდვილად შედგა და თუ ზრდის ტემპებს შევხედავთ, ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი კონტეინერით გადაზიდული ტვირთების პრაქტიკულად გასამმაგება ხდება“, – აღნიშნა თურნავამ.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2021 წლის პირველ ნახევარში 100.2 მილიონამდე შემცირდა (2020 წელს – 112,2 მლნ). აქ ძირითადი დატვირთვა საავტომობილო გადაზიდვებზეა – 99,4 მლნ ადამიანი. შემდეგ მოდის სამოქალაქო ავიაცია – 0,6 მლნ და რკინიგზა – 0,2 მლნ.