მიწისძვრების სერია საქართველოში – რას ამბობენ სეისმოლოგები

რა არის მიწისძვრების სერიის დადებითი მხარე და რას ამბობენ სპეციალისტები – ქართველმა სეისმოლოგებმა ვითარება შეაფასეს.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. ამ ღამით საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა, ადამიანები შეშინებული არიან, თუმცა სეისმოლოგი მანანა ძმანაშვილი ამას დადებით ფაქტორს უწოდებს, რადგან ენერგიის გამოთავისუფლება დამანგრეველი ბიძგებით არ ხდება.
„ჩვენ ვერანაირ სცენარს წინასწარ ვერ დავდებთ, მთელი ზაფხულის პერიოდი მიდის საკმაოდ აქტიურად 3-4 მაგნიტუდამდე მიწისძვრების სახით, თუმცა უფრო პატარა ბიძგებიც საკმაოდ ხშირია, რასაც მხოლოდ ხელსაწყო აფიქსირებს. გუშინდელი მიწისძვრა საკმაოდ დიდი იყო – 5.1 მაგნიტუდის, თბილისშიც კარგად შეიგრძნო მოსახლეობამ. კარგიც არის, რომ პატარა ბიძგების სახით ხდება ენერგიის გამოთავისუფლება“, – განაცხადა ძმანაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თეა გოდოლაძის თქმით, საქართველო პლანეტაზე ერთ-ერთი რთული რეგიონია, სადაც გარდა ტექტონიკური მოძრაობებისა, ანუ სეისმურად აქტიური პროცესებისა, პოსტვულკანური პროცესებიც მიმდინარეობს.
„მთლიანად ჯავახეთის ქედი არის ვულკანური წარმოშობის. მიწისძვრა არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი არის ტექტონიკური პროცესები“, – განაცხადა გოდოლაძემ.
სოფელ სამებასთან გასულ ღამეს მიწისძვრების სერია მოხდა.
3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი ბიძგები გუშინ 23:42 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ მიწისძვრის სიმძლავრე გაიზარდა და ყველაზე დიდი – 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 05:44 საათზე მოხდა. ბოლოს ბიძგები 05:51 საათზე დაფიქსირდა (3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის).
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.