„შერცხვენილი უნდა წავიდეს“: დონალდ ტრამპი ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებს

ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღთან დაკავშირებით 2020 წლის თებერვალში აშშ-სა და „თალიბანს“ შორის მიღწეული შეთანხმების აღსრულება რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აღების შემდეგ აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედ ლიდერს მოუწოდა, გადადგეს თანამდებობიდან, იუწყება Daily Mail-ი.
​„ბაიდენს მოუვიდა დრო, შერცხვენილი წავიდეს იმის გამო, რაც მან ავღანეთში დაუშვა“, — განაცხადა ტრამპმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი შემცვლელის პოლიტიკა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით მანამდეც არაერთხელ გააკრიტიკა, ის ირწმუნებოდა, რომ თავად ის ამას „სრულიად სხვაგვარად და ბევრად წარმატებულად“ გააკეთებდა.
„ის, რაც ჯო ბაიდენმა გააკეთა ავღანეთში, დაუჯერებელია და ისტორიაში შევა როგორც ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი“, — წერს ის თავის კიდევ ერთ განცხადებაში.
გარდა ყოფილი პრეზიდენტისა, ჯო ბაიდენის ავღანური პოლიტიკა გააკრიტიკეს რესპუბლიკური პარტიის სხვა ლიდერებმაც. როგორც სენატორმა მიტჩ მაკკონელიმ განაცხადა, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების „კრახისთვის განწირული გაყვანა, ამერიკელებისა და მათი დამხმარეების ქაოსური ევაკუაცია — ეს ამერიკის ხელმძღვანელობის სამარცხვინო წარუმატებლობაა“. სენატორის აზრით, შეერთებულ შტატებს შეეძლო „თავიდან აეცილებინა ეს კატასტროფა“.
ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს: არიან დაღუპულები
მეორე რესპუბლიკელი სენატორის ლიზ ჩეინის თქმით, ავღანეთში ამჟამად არსებული ვითარება არის ილუსტრაცია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც „აშშ მსოფლიო პრობლემების გადაჭრაზე უარს ამბობს“.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2018 წელს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო თალიბებთან კატარის დედაქალაქ დოჰაში. 2020 წლის თებერვალში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღთან დაკავშირებით. მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო და მხოლოდ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაიწყო მიმდინარე წლის მაისში.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი დატოვეს, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ქვეყნის დიდ ქალაქებს შეუტია და საბოლოოდ კვირას, 15 აგვისტოს უომრად შევიდა დედაქალაქ ქაბულში. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. კვირა-ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.
აშშ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის: ვრცელდება ერთობლივი განცხადება>>
ამ დროისათვის შეერთებული შტატები აპირებს უახლოესი 48 საათის განმავლობაში 6 ათას კაცამდე გაზარდოს ავღანეთში დატოვებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა, რომელთა ერთადერთი ამოცანა ქვეყნიდან ამერიკელებისა და მათი დამხმარე ავღანელების გაყვანის ხელშეწყობა იქნება.