ასკილი, იგივე ველური ვარდი (Rosa) — ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ცნობილია 400-მდე სახეობა, საქართველოში გავრცელებულია 25 სახეობა, აქედან 5 ენდემურია.
ასკილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა. მას ყველა იცნობს როგორც გრიპთან და გაციებასთან მებრძოლ საუკეთესო საშუალებას. გარდა ამისა, ასკილს სხვა დაავადებების წინააღმდეგაც იყენებენ.
ასკილის მწიფე ნაყოფი შეიცავს წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს, თავისუფალ ორგანულ მჟავებს, დიდი რაოდენობით ელემენტებს (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ქრომი, კობალტი, მოლიბდენი), ვიტამინებს (B1, В2, B6, K, E, РР, С), მთრიმლავ, საღებავ ნივთიერებებს, კაროტინს, რიბოფლავინს, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, შაქრებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს.
ასკილი წმენდს სისხლძარღვოვან სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გამოიყენება სისხლნაკლებობის, სურავანდის (С ვიტამინის ნაკლებობა), თირკმელებისა და შარდის ბუშტის, ღვიძლის სამკურნალოდ.
ასკილი ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც მატონიზირებელი, გამამაგრებელი საშუალება, ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას; ამაღლებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ინფექციური დაავადებების დროს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადებების სამკურნალოდ.
სამკურნალო თვისებები აქვს არა მხოლოდ ასკილის ნაყოფს, არამედ მის ფესვებს, ფოთოლს, ყვავილსა და თესლსაც კი.
ასკილის ფესვებში ბევრი მთრიმლავი ნივთიერებაა. გამოიყენება კუჭ–ნაწლავის პათოლოგიების, ღვიძლისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. თესლისგან იღებენ ზეთს, რომელიც ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს შეიცავს. ორივეს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შეხორცების თვისებები გააჩნია.
ინფექციური დაავადებებისა და ვიტამინების ნაკლებობის დრო დაამზადეთ ასკილის ნაყენი შემდეგნაირად: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ გამომშრალ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შეფუთეთ და გააჩერეთ ღამით, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თაფლთან ერთად დღის განმავლობაში.
განსაკუთრებით პოპულარულია ასკილის წვენის დამზადების ეს ხერხი: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 6–8 საათი. შემდეგ გადაწურეთ კარგად (რამდენიმე ფენა დოლბანდში), მიიღეთ სამი კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ 1 ჭიქა ჭამის წინ, ბავშვებმა – ¼ ან ½ ჭიქა.
ასკილის ნაყენს იყენებენ სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთადაც, მაგალითად, კუნელის, გარგარის ჩირის ნახარშთან ერთად. პოდაგრის სამკურნალოდ ასკილის ნახარშს ვაშლის ჩირის ნახარშთან ერთად სვამენ, რაც ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.
ასკილის მიღება არაა სასურველი, ან სიფრთხილით უნდა მივიღოთ თრომბოზის, თრომბოფლებიტის, სისხლის მიმოქცევის უკმარისობისას. ასკილის დიდხანს მიღებისას ასევე ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი, არტერიული წნევის დაქვეითება.
ასკილთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული. მათ შორის ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძველი ბერძნების სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის აფროდიტეს ტაძარი ასკილის ბაღებით იყო გარშემორტყმული. როდესაც აფროდიტემ თავისი დიდი სიყვარულის – ადონისის ნადირობის დროს დაღუპვის შესახებ შეიტყო, თავად წავიდა მისი გვამის საძებნელად. ასკილის ეკლიანი ბუჩქები მას კანს უკაწრავდა, მისი სისხლი ასკილის ტოტებს ეცემოდა და ცეცხლისფერ კვირტებად იქცეოდა. ასე გაჩნდა, ლეგენდის მიხედვით, ასკილი, რომლის ბუჩქი ყვავილობის დროს ვარდების უზარმაზარ თაიგულს ჰგავს.