ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში ცეცხლი გახსნეს: არიან დაღუპულები

ქაბულის აეროპორტი ამ დროისათვის ერთადერთი ობიექტია დედაქალაქში, რომელსაც ამერიკული არმია და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქაბულის აეროპორტში გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, იუწყება РИА Новости უშიშროების ძალებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე სააგენტომ AFP თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათასობით ავღანელი თვითმფრინავების ასაფრენ ზოლზე გაიჭრა, რათა ქვეყნიდან მიმავალ რეისებზე ასვლა მოესწროთ.
არსებული ცნობით, ქაბულის აეროპორტი ამ დროისათვის ერთადერთი ობიექტია დედაქალაქში, რომელსაც ამერიკული არმია და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ. 
​ტელეარხ Аl-Jazeera-ს ცნობით, აეროპორტში ქაოსი სუფევს „თალიბანისგან“ გაქცევის მსურველი ავღანელების სიმრავლის გამო. ამასთან დედაქალაქის ერთადერთი აეროპორტის თავზე ინტენსიურად დაფრინავენ ვერტმფრენები, რომელთა ბორტებზეც დიპლომატიური მისიების თანამშრომლები იმყოფებიან.
რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ კვირას უომრად შევიდა ქაბულში და დაიკავა ავღანეთის დედაქალაქი. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ქვეყანა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. წუხელ „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ „ომი ავღანეთში დასრულებულია“. „თალიბანში“ აღნიშნავენ, რომ მოძრაობა მალე გამოაცხადებს ავღანეთის ისლამურ საამიროს. ასე ეწოდებოდა ავღანეთის ტერიტორიაზე 1996-2001 წლებში არსებულ ნაწილობრივად აღიარებულ სახელმწიფოს, რომელსაც თალიბები მართავდნენ.