Japan Today: ქართველმა პარალიმპიელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს მცველი სცემა

ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენის წინააღმდეგ, რომელსაც სასტუმროს დაცვის თანამშრომელზე თავდასხმა ედება ბრალად, იუწყება Japan Today.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 12 აგვისტოს მოხდა.
საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა
როგორც გამოცემა წერს, ქართველი პარალიმპიელი ძიუდოისტი და მისი თანაგუნდელები ჰანედას აეროპორტის მახლობლად მდებარე სასტუმროში არიან კარანტინში გადაყვანილი, ვინაიდან ნაკრების ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.
როგორც ირკვევა, ქართველი პარალიმპიელები დილით ადრე ძალიან ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში, რისთვისაც მათ 60 წელს გადაცილებულმა მცველმა შენიშვნა მისცა და სთხოვა, საკუთარ ნომრებში დაბრუნებულიყვნენ. ძიუდოისტმა ხელი ჰკრა მას და წააქცია, რის შედეგადაც მამაკაცს ნეკნი ჩაემტვრა.
პოლიციის ცნობით, ძიუდოისტმა აღიარა, რომ მასაც და მის კოლეგებსაც ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული.
პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ სპორტსმენს, დიდი ალბათობით, სამშობლოში დააბრუნებენ. მანამდე, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ორ ქართველ სპორტსმენს - ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოამგზავრეს.
ტოკიოში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრამდე გასტანს.