საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებაზე მუშაობს

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მუშაობენ და ქვეყნის დატოვების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს მიმართეს
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე. იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტორების სტატუსში იმყოფებიან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა
„სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიტუაცია ავღანეთში ბოლო კვირეებში „თალიბანის“ მოძრაობის ქვეყნის დიდ ქალაქებზე შეტევებთან დაკავშირებით გამწვავდა. კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თალიბები ქვეყნის ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებენ. ბოევიკები უკვე შევიდნენ ქაბულში და იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს, საპრეზიდენტო სასახლის ჩათვლით.
ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქაბულიდან ტაჯიკეთში გაფრინდა, საიდანაც ის მესამე ქვეყანაში გაემგზავრება. პრეზიდენტთან ერთად ქვეყანა დატოვა ასევე მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ხამდულა მოჰიბმა.