პირველმოწამე მთავარდიაკონ სტეფანეს ნაწილთა აღმოყვანება იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლს და პოვნა ნაწილთა მართალთა - ნიკოდიმოსისა, გამალიელისა და ძისა მისისა აბიბოსისა.
აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს აღესრულა დაახლოებით 428 წელს.
წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა. წმინდანი იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს, მისი ცხედარი კი ღია ცის ქვეშ დააგდეს, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. მეორე ღამეს ცნობილმა იუდეველმა სჯულისმეცნიერმა, უკვე მაცხოვრის სარწმუნოებისკენ გადადრეკილმა გამალიელმა, რომელმაც მოციქულები დაიცვა სინედრიონზე, ერთგულ კაცებს გადაასვენებინა ნეტარის ნეშტი და თავის მამულში, იერუსალიმის მახლობლად, მღვიმეში დაფლა. როცა მაცხოვრის ფარული მოწაფე, ნიკოდიმოსი გარდაიცვალა, გამალიელმა იგი სტეფანეს საფლავის მახლობლად დაკრძალა. შემდგომში იქვე დაასაფლავეს თავად გამალიელიც ნათელღებულ ძესთან, აბიბოსთან ერთად. 415 წელს მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეპისკოპოსებთან ელეფთერ სებასტიელთან და ელეფთერ იერიქონელთან ერთად სასწაულებრივ აღმოიყვანა წმიდანთა ნაწილები და საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში. ამ დროიდან მოყოლებული ამ სიწმიდეებთან მრავალი კურნება აღესრულებოდა. შემდგომში, კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილები იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადასვენდა და წმიდა დიაკონ ლავრენტის სახელობის ტაძარში იქნა დაბრძანებული.
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი და სხვანი მის თანა
მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი ეწამა 257 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. წმიდა მამა 253-257 წლებში განაგებდა რომის ეკლესიას და დაუცხრომლად იბრძოდა ნოვაციანელთა ერესის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეთა დევნისას იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა - ისინი მახვილით განგმირეს. მმართველმა სიმფრონიუსმა, რომელიც მარსის ტაძარში მიიყვანეს საწამებლად, ლოცვის ძალით დაადნო ოქროს კერპი. ამ სასწაულის მხილველმა ტრიბუნმა მეუღლესთან, ეკზუპერიასთან და ვაჟთან, თეოდულესთან ერთად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. უღმრთოებმა ყველანი ცეცხლში გამოწვეს. მარტვილთა წმიდა ნაწილები პაპმა სტეფანემ მიაბარა მიწას. იმავე ხანებში მოჰკვეთეს თავი თორმეტ კეთილმსახურს: ბონს, ფავსტოსს, მავრს, პრიმიტივს, კალუმნიოზს, იოანეს, ეკზუპერანციუსს, კირილეს, თეოდორეს, ბასილის, კასტელს, ჰონორატს და ტერტულინეს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. ბოლოს თავად პაპი მიიყვანეს იმპერატორ ვალერიანესთან. უსჯულო თვითმპყრობელმა წმიდანს მარსის ტაძარში თავის მოკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სანატრელი მამის ლოცვით ტაძრის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, დამფრთხალი მხედრები კი დაიფანტნენ. ეკლესიის წინამძღვარმა კატაკომბებს მიმართა - წმიდა ლუცილას აკლდამას შეაფარა თავი. მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.