მე თვითონ მივიყვანე:„მამულიჩა“ ლელას დაინფიცირების კავშირს კონცერტთან კატეგორიულად უარყოფს

„მამულიჩა“ აღნიშნავს, რომ ლელა წურწუმია თავად მიიყვანა საავადმყოფოში და რადგან მას ყელი სტკიოდა, ის პროფილაქტიკის მიზნით კლინიკაში დაიტოვეს
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“ კატეგორიულად უარყოფს, რომ მომღერლის კორონავირუსით დაინფიცირება ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას დაინფიცირება 7 აგვისტოს ბათუმში გამართულ კონცერტს უკავშირდება.
„რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია???კონტაქტი ჰქონდა ვინმესთან?“ - წერს „მამულიჩა“ თავის Facebook-გვერდზე.
ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა: მომღერალი საავადმყოფოშია
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
როგორც მისი მეუღლე აღნიშნავს, ლელა კლინიკაში თავად მიიყვანა. მისი თქმით, ლელას 12 აგვისტოს ყელი ატკივდა და „პროფილაქტიკის მიზნით დაიტოვეს“.
ის მადლობას უხდის კლინიკის გუნდს და მის დირექტორს, ლევან რატიანს.
გუშინ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ლელა წურწუმია ჟანგბადდამოკიდებულია, თავს მხნედ გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობილია, რომ ლელა წურწუმიამ 26 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. მისი მეუღლე კახა მამულაშვილი წერდა, რომ მთელი ოჯახი და ასევე ბენდის წევრებიც აცრილები არიან.