თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს განიხილავს როგორც ერთ-ერთ საპილოტე ქვეყანას, სადაც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება თანამგზავრული ინტერნეტი, იუწყება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერთან, ბრეტ ჯონსენთან (Bret Johnsen), უფროს ფინანსურ დირექტორთან დევიდ ფინლეითან (David Finlay) და SpaxeX-ის ერთ-ერთ ინვესტორთან, ბილ რეიჰერტთან (Bill Reichert) განიხილეს.
„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩარულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა კომპანიის სამომავლო გეგმებში“, - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებაში.
უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ-პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.
ილონ მასკის კომპანია SpaceX (Space Exploration Technologies) მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამგზავრული სისტემა Starlink-ის დახმარებით უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფას გეგმავს. SpaceX-ის განცხადებით, ტექნიკურად ეს შესაძლებელი გახდება უკვე სექტემბერში, როდესაც კომპანიის 1800 თანამგზავრი საკუთარ ორბიტას მიაღწევს.