თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობების და ღვარცოფის შედეგად თურქეთის შავი ზღვისპირეთში - კასთამონუს და სინოპის პროვინციებში დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების სამმართველოში (AFAD).
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 დაღუპულის შესახებ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციები კასთამონუ, სინოპი და ბართინი, რომლებიც წყალდიდობებისა და ღვარცოფის შედეგად დაზარალდა. სტიქიური უბედურების შედეგად 284 ადამიანი დაშავდა.
„სტიქიური უბედურების შედეგად 36 ჩვენი მოქალაქე დაიღუპა კასთამონუში, შვიდი სინოპში და ერთი ბართინში. ცხრა ადამიანი განაგრძობს მკურნალობას საავადმყოფოებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ევაკუირებულია 1700-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 300 დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხიდების ჩანგრევისა და საგზაო საფარის დაზიანების გამო ბლოკირებულია ტრანსპორტის მოძრაობა სტიქიური უბედურების ზონაში რამდენიმე გზაზე, მათ შორის ბართინ-ყარაბუქის ტრასაზე. ქალაქ ბოზქურთში (Bozkurt) კასთამონუს პროვინციაში ღვარცოფის შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად მუშაობენ მაშველები.