თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა წყლის აღების შემდეგ საჭირო სიმაღლე ვერ განავითარა და კლდეებს შეეჯახა
Sputnik
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. თურქეთში რუსულიდან ნაქირავებმა სახანძრო თვითმფრინავმა Бе-200 ავიაკატასტროფა განიცადა, იუწყება РИА Новости თურქეთის სატყეო მეურნეობის სამმართველოზე დაყრდნობით.
„ქალაქ ქაჰრამანმარაშის რაიონში ხანძრის ქრობის დროს კატასტროფა განიცადა რუსეთიდან დაქირავებულმა სახანძრო თვითმფრინავმა Бе-200. ავიაკატასტროფის რაიონში მაშველები გაემართნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ხუთი რუსი სამხედრო და თურქეთის სამი წარმომადგენელი, რომლებიც ეკიპაჟს ხანძრის კერებს მიუთითებდნენ. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ავიაკატასტროფის ადგილზე უწყების კომისია გაემგზავრა.
როგორც ტელეარხი NTV იუწყება, ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ტელეარხის მონაცემებით, ხანძრის ქრობის დაწყების შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა. ეს იყო ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც მუღლას პროვინციაში ხანძრების ქრობაში მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავმა წყლის აღების შემდეგ საჭირო სიმაღლე ვერ განავითარა და კლდეებს შეეჯახა.