თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შრომის ინსპექციას, რომელიც კორონავირუსის გამო აკრძალული მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აღკვეთას ახორციელებს, უფრო ფართო უფლებამოსილება მიენიჭა.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შრომის ინსპექცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უფლებამოსილია დაკეტოს სარიტუალო დარბაზი ან რესტორანი, ასევე აუკრძალოს მათ აღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად განკუთვნილი აპარატურის ან/და სხვა ნივთის გამოყენება.
მანამდე შრომის ინსპექციას რეაგირების მოხდენა მხოლოდ უკვე მომხდარ ფაქტებზე შეეძლო.
საქართველოში აიკრძალა ისეთი მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, სადაც ათ კაცზე მეტი მონაწილეობს. იგივე შეზღუდვა ეხება ქორწილებს, ქელეხებს და იუბილეებს.
შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით აჯარიმებს, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი ილუქება.
აკრძალვების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრების შემდეგ საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა. დაილუქა 10-მდე ობიექტი.