თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები, 2021 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, ერთ თვეში 45,7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 3.872,7 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
საერთაშორისო რეზერვები ასევე შემცირდა ივნისში, ოღონდ 17,2 მილიონით. მაისის ბოლოს რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო – 4.153,5 მლნ დოლარი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების შემცირება ძირითადად ბანკებთან სვოპ–ოპერაციებისა და მთავრობის სავალუტო ხარჯების გამო მოხდა.
2020 წლის მარტიდან, ანუ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან საერთაშორისო რეზერვები 472,9 მლნ დოლარით (13,9%-ით) გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეზერვების შემცირებამ 37,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და 3,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვების ამ 3,7 მილიარდში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,2 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 207,6 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 31,1 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
რაში ხარჯავს რეზერვებს ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ რეგულატორი ბაზრის სტაბილიზაციისთვის ინტერვენციების განხორციელებას გეგმავს.
„ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორმაგად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ხუთ აუქციონზე უკვე 242,9 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.