საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება

ამცრელი ცენტრები გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეში - საქართველოს ტრქნიკურ უნივერსიტეტთან, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვ.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მცხეთაში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები იხსნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედებს 184 ამცრელი სამედიცინო პუნქტი 354 ბრიგადით, სადაც მოსახლეობას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია აცრის ჩატარება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში.
„დღეს ძალიან კარგი და დიდი ამცრელი ცენტრი მცხეთაში გაიხსნა. ხვალ სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული. ასეთივე ამცრელი ცენტრები გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეში. ასეთი იქნება ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და სხვა ადგილებშიც, რათა ადამიანებმა ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე შეძლონ მისვლა და აცრის გაკეთება. დღევანდელი მონაცემებით, დღეს ვაქცინირებული ადამიანების 15% წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„მივდივარ ვაქცინაციისთვის“ - საქართველოში სპეციალური ავტობუსები დაინიშნება
კერძოდ, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში გაიხსნა მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9), სადაც ამჟამად „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
„ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ასევე, ვაქცინაციის ახალი სივრცე 13 აგვისტოდან თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ამოქმედდება. იქ იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.
„სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 10:00-დან 20:00-მდე, შესვენების გარეშე“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს: სრული ჩამონათვალი >>
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 715.912 აცრა ჩატარდა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 218.167 ადამიანი. 11 აგვისტოს კი დაფიქსირდა ვაქცინაციის მორიგი რეკორდი - ერთ დღეში 25.933 ადამიანი აიცრა.