საქართველოში მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფერმაში 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1,5 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით მესაქონლეობის ახალი ფერმა გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ახალგაზრდა ფერმერმა, ზურაბ მასურაშვილმა 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან 1,5 მლნ ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა - შეღავათიანი აგროკრედიტია.
ფერმაზე 10 ადგილობრივია დასაქმებული. ყოველდღიურად ფერმა აწარმოებს 4 ტონა რძეს. პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).