„მადლობა გაწეული შრომისთვის“ – საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმს ბინა აჩუქეს

ზურაბ კახაბრიშვილმა საჩუქრის შესახებ არაფერი იცოდა. საჩუქრის გადაცემის ცერემონიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და NBA-ს ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ მიიღეს მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ საჩუქრად ბინა გადასცა.
შერაზადიშვილმა ტატამზე გონება დაკარგა - ძიუდოისტს ქართველი ექიმი დაეხმარა
ზურაბ კახაბრიშვილს კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბინის გასაღები ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიეში გადასცეს. „არქი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ექიმმა საჩუქრის შესახებ არაფერი იცოდა, მას კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ელოდებოდა.
„ძალიან დიდი ღვაწლი აქვს მას ჩვენ მიღწევებში, მოგეხსენებათ, სპორტი ტრავმებთან ასოცირდება. მან უდიდესი შრომა გასწია ოლიმპიადაზე იმისთვის, რომ ჩვენ მედლები მოგვეპოვებინა“, – აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.
ზურაბ კახაბრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტოკიოში ქართველი ძიუდოისტისა და ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის ასპარეზობისას მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ბექაურმა ოლიმპიადამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო და ამ ტრავმის მიუხედავად ოლიმპიური ოქროს მოპოვება მოახერხა, რაზეც მან კახაბრიშვილს საჯაროდ განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადა.