დღის აკადემია–პანსიონი ნიჭიერი ქართველი მოზარდებისთვის და სიკეთის უწყვეტი ჯაჭვი

ყველაფერთან ერთად, მედიის ერთ-ერთი მისია ალბათ ისიცაა, რომ სიკეთის პატარა ამბავიც კი არ დარჩეს საზოგადოების ყურადღების მიღმა, კიდევ იმიტომ, რომ ეს მარადიული ჯაჭვი არასოდეს გაწყდეს.
Sputnik
ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ გაწეულ საქველმოქმედო საქმიანობას სისტემატიურად ვაშუქებთ. საქველმოქმედო ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგიაც“ მათ რიცხვშია. წელს მას არსებობის ათი წელი შეუსრულდა. ვესაუბრებით ორგანიზაციის დამაარსებელს, ფსიქოლოგ ლიკა ბებურიძეს.
ლიკა ბებურიძე
- ქალბატონო ლიკა, შევახსენოთ მკითხველს - როდის და რა მიზნით დაარსდა „კავკასიონის სინერგია“?
- თავდაპირველად მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენ ჩვენი არსებობის ათი წლის მანძილზე ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია–The Caucasian Synergy"-ს საქმიანობას ხშირად და უანგაროდ აშუქებთ. ორგანიზაცია ათი წლის წინ, 2011 წლის 5 აგვისტოს დავაარსე. მისი ძირითადი მიზანია უნიჭიერესი მოზარდებისა და ახალგაზრდების წახალისება და თანადგომა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, განსაცდელში მყოფთა, ბულინგის და ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობა და დახმარება.
ლიკა ბებურიძე ბავშებთან ერთად
- რეალურად რამდენად ახერხებდით ამას?
- მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობისა, ჩვენ მაინც ვახერხებდით სხვადასხვა სახის საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას. დაარსებიდან დღემდე შევძელით, რომ 12 ათასზე მეტი ოჯახი გაგვეხარებინა, დაგვესაჩუქრებინა ისინი და მათი მოტივაცია გაგვეზარდა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სოციალურად დაუცველ, ფაქტობრივად სახლში ჩაკეტილ ბავშვებს ცხოვრება გავუხალისეთ, ისინი დაგვყავდა კინოთეატრებში, სპექტაკლებსა და ექსკურსიებზე, ჩავრთეთ სპორტულ აქტივობებში, აღმოვუჩინეთ საჭირო სამედიცინო დახმარება და ჩავუტარეთ არტ-თერაპიის სეანები. მათ შორის უმრავლესობა პირველად იყო კინოთეატრში, წავიყვანეთ ბრენდ-მაღაზიაში საჩუქრებზე, სადაც სამოსი თვითონ შეარჩიეს.
ლიკა ბებურიძე
- თუ შეიძლება, თქვენ მიერ განხორციელებული კონკრეტული პროექტები შევახსენოთ მკითხველს...
- არსებობის ათი წლის მანძილზე განვახოციელეთ პროქტები: „მოზარდი, მშობელი და პედაგოგი", „მოზარდის თვალით დანახული დეპრესია", „ზრახვა“, „სიტყვა და საქმე", „ჩემი მშვენიერი გიორგობისთვე", „მჭირდები", „დაჩაგრულები", „არტ-თერაპია“, „მხიარული დაბადების დღეები“.
ლიკა ბებურიძე ბავშვებთან ერთად
- თქვენ პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ამ კუთხით უშუალოდ თუ იყავით ჩართული ორგანიზაციის საქმიაობაში?
- დიახ, მე ვარ ოჯახის ფსიქოლოგი, ანუ, ფაქტობრივად, ადამიანების მესაიდუმლე. ვარ მრავალი რთული ქეისით, დიდი გამოცდილების მქონე მოქმედი ფსიქოლოგი, ბავშვთა უფლებების დამცველი, ასევე სხვადასხვა პროექტებში ჩართული ვარ როგორც სოციოლოგი-მკვლევარი და ოჯახური ძალადობის თემებში ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი გახლავართ.
ლიკა ბებურიძე ბავშვებთან ერთად
- ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია ძირითადად შემოწირულობებით არსებობს...
- დასაწყისში ორგანიზაციის საქმიანობა სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი ხელშეწყობითა და დახმარებით უნდა წარმართულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. დღემდე უგრანტოდ, უხელფასოდ, ამჯერად ოფისის გარეშე ვართ, რადგან პანდემიის დროს ფინანსების უქონლობის გამო დავცალეთ ის. იმედი მაქვს, რომ პრობლემები მალე მოიხსნება და ადამიანთა გულების გახარებას ისევ შევძლებთ. სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ, ყველასთვის მნიშვნელოვან პროექტს – „მემკვიდრეობა და სამართალი“. ბევრი პროექტის განხორციელება შევძელით - მეგობრების, სხვადასხვა ორგანიზაციების და კეთილი ადამიანების დახმარებით. მათ შორის არიან: კინოთეატრი „რუსთაველი“, რესტორანი „ალავერდი", კომპანია „ბარამბო“, კომპანია „ნაბეღლავი", კაფე „ლაღიძე“ (დირექტორი ვახტანგ ათაბეგაშვილი), ჩვენი ერთგული მეგობარი კომპანიები – „თოლია", „გურჯაანის ნაყინი", „კოდა“, საკონდიტრო „ბელა", დავით აღმაშენებლის აკადემია (რექტორი ნანა ჯიქია), „ლიდერ ქალთა საერთაშორისო კომპანია“ (ხელმძღვანელი ეკატერინე მაისურაძე), სტუდია „ენკი-ბენკი“ (ხელმძღვანელი ლელა ასლანიკაშვილი), სტომატოლოგ ირა შალიკაშვილის გუნდი, ცალკეული პიროვნებები – ქეთევან ჯანჯიბუხაშვილი, ლიკა წიკლაური, ლაშა დოლბაძე. ყველა მათგანს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.
ლიკა ბებურიძე ბავშვებთან აქციაზე
- რომელია ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა?
- თავიდანვე მქონდა დიდი გეგმები და კონკრეტული მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი თბილისში საერთაშორისო დონის დღის აკადემია–პანსიონის შექმნა და ამუშავება იყო. ეს დაწესებულება ნიჭიერი, შრომისმოყვარე, გამორჩეული უფროსკლასელებისთვის უნდა ყოფილიყო. აქ იმოქმედებდა ათდღიანი პაკეტი, სადაც შევიდოდა ფსიქოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოკულისტის, სტომატოლოგის, ქირურგის, მასაჟისტისა და ნევროპათოლოგის მომსახურება. პანსიონატს ექნებოდა სათევზაო ტბა და საჯინიბო. მოკლედ, ეს იქნებოდა სრულიად ახლებური, უნიკალური კულტურულ-გამაჯანსაღებელი საგანმანათლებლო ცენტრი მოზარდებისთვის.
ლიკა ბებურიძე სატელევიზიო სტუდიაში
- როგორია თქვენი სურვილები ამ საიუბილეოდ?
- მინდა მივმართო ყველა ოფიციალურ თუ კერძო კომპანიის წარმომადგენელს, რომ სიკეთის ამ უწყვეტ ჯაჭვში თავადაც ჩაერთონ. შევახსენებ „კავკასიონის სინერგიის" ანგარიშს: BAGAGE22  GE63BG0000000346191900 ს/კოდი: 404906508. ბოლოს გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება განვვლე. მიხარია, როცა მახსენდება, რომ ჩვენი საქველმოქმედო პროექტების და კერძო სეანსების შემდეგ ამდენ თვალებგაბრწყინებულ ადამიანს ვუყურებდი, ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მიყვარს, მსიამოვნებს და რაც ჩემია...